თაობები

 
    •  

  • რუბრიკები:

    • "ებლიტფო" ლათინურ ენასავითაა (rss) (7)
    • "თაობები" ბავშვებს (rss) (21)
    • English Lesson (rss) (3)
    • Poems from Georgia (rss) (2)
    • ადაპტირებული ტექსტები (rss) (16)
    • ავტორები (rss) (370)
      • Is Still Unknawn (rss) (1)
      • ამირეჯიბი რუსა (rss) (1)
      • ახალკაცი ალექსანდრე (rss) (1)
      • გელაშვილი თორნიკე (rss) (1)
      • გზირიშვილი ქეთი (rss) (8)
      • გიორგაძე ნათია (rss) (2)
      • გიორგი ბუნდოვანი (rss) (1)
      • გოგუაძე ნელი (rss) (3)
      • გულეური ვასილ (rss) (1)
      • დარბაისელი ნინო (rss) (3)
      • დიდიშვილი ქეთი (rss) (3)
      • დოლიძე ტატა (rss) (1)
      • ელერდაშვილი ალექსანდრე (rss) (1)
      • ემხვარ კახაძე (rss) (10)
      • ვეკუა მერაბ (rss) (1)
      • თეკლე ბატონიშვილი (rss) (1)
      • თვალაბეიშვილი მზია (rss) (4)
      • თოფურია თეა (rss) (2)
      • კიკალიშვილი გვანცა (rss) (1)
      • კილაძე თამარ (rss) (2)
      • კილაძე თემურ (rss) (1)
      • ლიქოკელი ლია (rss) (1)
      • ლომაძე სერგი (rss) (1)
      • მარსიანი (rss) (2)
      • მატასი (rss) (1)
      • მშვიდობაძე ნინიკო (rss) (1)
      • ნადირაძე ნინო (rss) (1)
      • ნამშურიძე სოფი (rss) (1)
      • სადღობელაშვილი ნინო (rss) (1)
      • სალომე აჩბა (rss) (1)
      • სარია ზეინაბ (rss) (1)
      • სეფიაშვილი ქეთი (rss) (2)
      • სიმონიშვილი მაია (rss) (1)
      • სუმბაძე დარეჯან – ანასტასია (rss) (1)
      • ტაველიძე ირმა (rss) (1)
      • ფაილოძე ქეთი (rss) (1)
      • ქასრაშვილი ირაკლი (rss) (1)
      • ჩანადირი ნინო (rss) (1)
      • ჩაჩანიძე ალეკო (rss) (1)
      • წიკლაური მარიამ (rss) (2)
      • ჭუმბურიძე კობა (rss) (1)
      • ხორნაული ვაჟა (rss) (27)
      • ჯალიაშვილი მაია (rss) (3)
      • ჯობავა გვანცა (rss) (1)
    • ავტორეცენზიები (rss) (5)
    • ბოლქვაძე თამარ (rss) (1)
    • დევდარიანი როზა (rss) (1)
    • დუმბაძე მანანა (rss) (2)
    • ერთად ვთარგმნოთ (rss) (5)
    • თარგმანები (rss) (44)
      • ბრედბერი რეი (rss) (2)
      • ედისონი ჯოზეფ (rss) (1)
      • ვონეგუტი კურტ (rss) (1)
      • ვულფი ვირჯინია (rss) (1)
      • ირვინგი ვოშინგტონ (rss) (1)
      • კინგი სტივენ (rss) (2)
      • კრონინი არჩიბალდ (rss) (1)
      • ლარნედი უ. ლივინგსთონ (rss) (1)
      • ლიკოკი სტივენ (rss) (1)
      • მარკ ტვენი (rss) (6)
      • მენსფილდი ქეთრინ (rss) (4)
      • მოემი სომერსეტ (rss) (1)
      • ნაპიერი სუსან (rss) (1)
      • ო’ჰენრი (rss) (2)
      • სამარაკისი ანდონის (rss) (3)
      • საროიანი უილიამ (rss) (1)
      • ფიჯერალდი სკოტ ფრანსის (rss) (2)
      • შექსპირი უილიამ (rss) (1)
      • ჯეკ ლონდონი (rss) (1)
      • ჯერომ კლაპკა ჯერომი (rss) (3)
      • ჯონსონი ოუენ (rss) (1)
      • ჰემინგუეი ერნესტ (rss) (2)
      • ჰექტორ ჰიუ მუნრო (საკი) (rss) (1)
    • ინგლისური "თაობებზე" (rss) (8)
    • ინგლისური იდიომები, ანდაზები (rss) (4)
    • ინტერვიუ მიმოწერით (rss) (4)
    • იფიქრე ხმამაღლა… (rss) (7)
    • კრიტიკა (rss) (2)
    • ლატარია თამუნა (rss) (1)
    • მე წიგნის გმირი ვარ (rss) (1)
    • ნინო ნადირაძე (rss) (1)
    • პოეზია (rss) (42)
    • პროზა (rss) (1)
    • რამდენიმე კითხვა თეა თოფურიას (rss) (1)

    კალენდარი

    თებერვალი 2019
    ო ს ო ხ პ შ კ
    « ნოე    
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728  

    მეტა:

    • შესვლა

    არქივები:

    • ნოემბერი 2014 (1)
    • სექტემბერი 2014 (3)
    • აგვისტო 2014 (2)
    • მაისი 2014 (2)
    • მარტი 2014 (1)
    • თებერვალი 2014 (9)
    • იანვარი 2014 (6)
    • დეკემბერი 2013 (1)
    • ივნისი 2013 (2)
    • მაისი 2013 (1)
    • მარტი 2013 (5)
    • სექტემბერი 2012 (2)
    • აგვისტო 2012 (7)
    • ივლისი 2012 (4)
    • ივნისი 2012 (3)
    • მაისი 2012 (2)
    • აპრილი 2012 (5)
    • მარტი 2012 (10)
    • თებერვალი 2012 (3)
    • იანვარი 2012 (6)
    • დეკემბერი 2011 (13)
    • ნოემბერი 2011 (18)
    • ოქტომბერი 2011 (16)
    • სექტემბერი 2011 (26)
    • აგვისტო 2011 (23)
    • ივლისი 2011 (9)
    • ივნისი 2011 (6)
    • მაისი 2011 (10)
    • აპრილი 2011 (7)
    • მარტი 2011 (6)
    • თებერვალი 2011 (20)
    • იანვარი 2011 (10)
    • დეკემბერი 2010 (15)
    • ნოემბერი 2010 (6)
    • ოქტომბერი 2010 (1)
    • სექტემბერი 2010 (1)
    • აგვისტო 2010 (3)
    • ივლისი 2010 (5)
    • ივნისი 2010 (8)
    • მაისი 2010 (4)
    • აპრილი 2010 (26)
    • მარტი 2010 (32)
    • თებერვალი 2010 (30)
    • იანვარი 2010 (59)
    • დეკემბერი 2009 (16)

    • 0. მეგობრები
    • 0.1. ქეთი გზირიშვილის ბლოგი
    • 0.2. გიკა
    • 0.3. ნელი გოგუაძის საიტი
    • 0.4. ბურუსი
    • 0.5. ალტერნატივა
    • 0.5. მოლი ბლუმის ბლოგი
    • 1. ვუსმინოთ ერთად.
    • 3. დამატებულია
    • 3.1. ქალი სარკეში
    • 3.2. ბედნიერი დილა
    • 3.3. 2 კითხვა…
    • 3.4 2 კითხვა (2)
    • 3.5. 2 კითხვა (3)
    • 3.5. ავტორეცენზიები
    • 3.6. ველდი
    • 3.7. "პიანისტი ქალი"
    • 3.8. ასე მოვუყვებოდი…

    მზე აცხუნებდა. . .

    იანვარი 21, 2010 on 4:10 პმ | თარგმანები, სამარაკისი ანდონის | Comments Off

    ანდონის სამარაკისი

    თარგმანი ბერძნულიდან – მაია კილაძე

    კრებულიდან \”გვესაჭიროება იმედი\”

    დაახლოებით 11 საათი იყო. დილის 7 საათიდან, მას შემდეგ, რაც თავისი ბინიდან გამოვიდა, რომელიც ბოსტნეულის ბაზრის უკანა ეზოში იყო, ფეხით დადიოდა. მიდიოდა ასე ალალ ბედზე, არც იცოდა, სად მიდიოდა, არც ფიქრობდა, სად წასულიყო.

    მზე აცხუნებდა. . .

    პირი გამშრალი ჰქონდა და მწარე გემოს გრძნობდა. გუშინწინს აქეთ არაფერი ეჭამა.

    - მეორე მსოფლიო ომის დროს როგორ ვუძლებდი შიმშილს? – გაიფიქრა, როდესაც საკონდიტროს ჩაუარა.

    ყოველ დილით ადრიანად გამოდიოდა თავისი ბინიდან (ნამდვილი თაგვის სორო იყო), ვიდრე დიასახლისი გაიღვიძებდა, რომელიც სულ ბუზღუნებდა ქირის გამო და მის ლანძღვას იწყებდა, როგორც კი დაინახავდა. ამავე მიზეზის გამო გვიან ღამით ბრუნდებოდა, როდესაც მისი ვარაუდით დისახლისს ეძინა.

    - უმუშევრების ფონდი ვარ? – ამბობდა მსუქანი ქალი, რომელიც საყლაპავის ვარიკოზით იტანჯებოდა.

    ნამდვილად მართალი იყო, მაგრამ ესეც გამოუვალ მდგომარეობაში იყო. რვა თვის უმუშევარს რაღაც გროშებიღა შემორჩენოდა, ჯიბეში ზუსტად იმდენი ედო, სუპი რომ ეჭამა, როდესაც მისი სისუსტე მაქსიმუმს მიაღწევდა.

    მაგრამ არა! თავის უკანასკნელ ფულს სუპის საჭმელად არ დახარჯავდა. სხვა რამეს გააკეთებდა: იყიდდა ლატარეას. გათამაშება საღამოს ექვსზე უნდა ყოფილიყო. იმ დილას ფიქრობდა, რომ ლატარეის ბილეთი ეყიდა. იმედი ჰქონდა, რომ მოიგებდა, შესაძლოა პირველ რიცხვსაც.

    მზე აცხუნებდა. . .

    რვა თვის უმუშევარი. ათას კარზე აკაკუნა. სამუშაო ვერსად იშოვა. იხვეწებოდა, მუშად მაინც აეყვანათ ნებისმიერ საქმეზე, მაგრამ მისი ხელები ოფისის სამუშაოს იყვნენ შეჩვეული და მუშად არავის აჰყავდა. თანაც უმუშევრობა ამ სფეროშიც დიდი იყო.

    სად არ ირბინა სამსახურისთვის ამ რვა თვის მანძილზე. აკაკუნებდა კარებზე, ადიოდა კიბეებზე, არაფერი! მაგრამ ახლა ლატარეას იყიდდა. და მოიგებდა. იმედი ჰქონდა, რომ მოიგებდა.

    კუთხეში შეკრებილი ხალხი დაინახა. ავარია მომხდარიყო. ორი მანქანა შეეჯახა, ერთი სატვირთო და ერთი მსუბუქი. ქუჩა ცენტრალური იყო, მოძრაობა – გადატვირთული.

    მივიდა და სხვების გვერდით დადგა. ყველა თავისას ამბობდა. საგზაო ინსპექტორმა ჩვენებები შეაგროვა. და შეკრებილებს უთხრა, დაშლილიყვნენ, რადგან ბევრნი იყვენენ. წავიდა, მაგრამ მანქანის ნომერს დააკვირდა: 70446. იყიდდა ბილეთს, – იფიქრა, – რომელიც 6-ზე დამთავრდებოდა.

    მზე აცხუნებდა. . . გასულ კვირას კინოთეატრთან ხეტიალობდა. ვიღაც შუახნისამ, რომელსაც ოქროსჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, ანიშნა და ესეც მასთან ერთად შევიდა კინოში. შუახნისამ ფული მისცა, მაგრამ შეეზიზღა.

    - იღბლიანები აქეთ! ერთ საათში გათამაშდება! – იძახდა ერთი პატარა, ხელში ლატარეის ბილეთების შეკვრით.

    ახლა არ იყიდდა ლატარეის ბილეთს. იცოდა, რომ ერთ საათში კი არა, საღამოს გაათამაშებდნენ. დრო ჰქონდა. მოგვიანებით იყიდდა. და მოიგებდა. იმედი ჰქონდა, რომ მოიგებდა. შესაძლოა პირველივე რიცხვს.

    მზე აცხუნებდა. . . სწყუროდა. რაღაც კაფეში შევიდა, დახლთან მივიდა და ჭიქა წყალი მოითხოვა. მისცეს. გამოსვლისას ერთ მაგიდაზე გაზეთს მოკრა თვალი. რამდენიმე სათაური წაიკითხა. \”მოკლე განცხადებებიც\” ნახა. გულგატეხილი იყო \”მოკლე განცხადებებისგან\”, რომლებიც სამუშაოს სთავაზობენ. ვერ აიტანდა კიდევ ერთ კარზე დაკაკუნებას. ვერ აიტანდა კიდევ ერთ კიბეზე ასვლას. თუმცა, თითქოს რაღაცამ უბიძგა, თვალი გადაავლო. ერთი განცხადება ნახა, სადაც ეწერა: \”გვესაჭიროება თანამშრომელი ოფისისთვის, 30-35 წლამდე, უმაღლესი განათლებით. შემოსავალ-გასავლის ბიურო, ხრიმატოსტირიოს ქუჩა 14ბ, 13:00-დან 14:00 სთ-მდე.\”

    გარეთ გავიდა. მზე აცხუნებდა. . . უფრო და უფრო გრძნობდა სისუსტეს. დიდი წვალებით დგამდა ნაბიჯს. მაინც მიდიოდა.

    გვერდით ქვეითმა სამხედრომ ჩაუარა, ჩქარ-ჩქარა მიაბიჯებდა, როგორც აღლუმზე. თავს ძალა დაატანა, რომ მას მიჰყოლოდა. ნაბიჯი გამოაცოცხლა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მეტრზე, შემდეგ შეწყვიტა.

    პირი უფრო გამშრალი ჰქონდა, უფრო მწარე. არ წავიდოდა შემოსავალ-გასავლის ბიუროში. არა, არ წავიდოდა!

    შემოსავალ-გასავლის ბიურო მეექვსე სართულზე იყო. საბედნიეროდ ლიფტი ჰქონდა. შესვლა დააპირა, მაგრამ დარაჯმა პატარა დაფაზე მიუთითა:

    \”მხოლოდ თანამშრომლებისთვის\”.

    ფეხით აუყვა. უსასრულო მოეჩვენა კიბე. ადიოდა, ადიოდა. . . მეოთხე სართულს რომ მიაღწია, სანათურის მინაში საკუთარი სახე დაინახა. გრძელი წვერი ჰქონდა. რამდენიმე დღის გაუპარსავი იყო. ასე როგორ მისულიყო? უეჭველად გაადებდნენ, ასეთ მდგომარეობაში როგორც კი დაინახავდნენ.

    -ბოლო კარი მარცხნივ, – უთხრა მან, ვისაც ჰკითხა, როდესაც მეექვსე სართულზე ააღწია.

    ახლა უფრო გაბედულად მიიწევდა წინ. ახალი წვერგაპარსული იყო.

    - გისმენთ! – ქალის ხმა.

    გოგონამ იმ წამს დარეკა ტელეფონზე. კართან ახლოს დადგა და დაელოდა.

    - დიახ, გეთაყვა, – უთხრა მას, როდესაც საუბარს მორჩა.

    - მინდოდა, მეთქვა. . .

    ტელეფონმა დარეკა. გოგონამ ყურმილი აიღო.

    - ალო! დიახ, ტრანსპორტირების ქვითარი საღამოს იქნება მზად. დიახ, ასოცი კილო. გეთაყვა!

    ისევ მოუბრუნდა.

    - მაპატიეთ! მაშ. . .

    - მაშ, მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ. . .

    ისევ ტელეფონმა დარეკა.

    - ალო! როგორ? ერთი წუთით, ვნახავ. . .

    გოგონამ რაღაც წიგნი აიღო და ძებნა დაიწყო. ნერვიულად ჭმუჭნიდა ხელში თავის პლაშს. კედელზე კალენდარი შეათვალიერა, სურათები. . . შიგნიდან საუბრები ისმოდა. მამაკაცის ბოხი ხმა ამბობდა:

    - კარგი! ვაჭრობა იქნება, \”შეფ\”.

    გოგონამ იპოვა, რაც სჭირდებოდა.

    - ალო! ნომერი არის ორი, რვა, ნული, ნული. დიახ, ორჯერ ნული. კარგად ბრძანდებოდეთ.

    მოუბრუნდა, მაგრამ ვიდრე გოგონა ეტყოდა რამეს, თვითონ დაიწყო:

    - ვაკანსიის თაობაზე მოვედი. დამთავრებული მაქვს უმაღლესი, ცოტა ბუღალტერიაც ვიცი. . .

    მოულოდნელად გაჩერდა, რადგან დაინახა, რა გამომეტყველება მიიღო გოგონამ.

    - ძალიან ვწუხვარ, – უთხრა, – ათი წუთით ადრე რომ მოსულიყავით, მოასწრებდით. . .

    არ იცოდა, რა ეთქვა.

    - ათი წუთით ადრე. . . – ენის ბორძიკით თქვა, – მაგრამ წავედი, რომ წვერი გამეპარსა. წავედი, რომ წვერი გამეპარსა, გეუბნებით.

    გოგონამ უხმოდ შეხედა. შეამჩნია, რომ გოგონას თაფლისფერი თვალები ჰქონდა. და კარისკენ შებრუნდა.

    - იღბლიანები აქეთ! დრო მოახლოვდა!

    ტროტუარზე ვიღაცეები დაეჯახნენ, ჩქარობდნენ.

    - იღბლიანები აქეთ!

    უნებლიედ თვალი გაექცა ვიტრინისკენ და საკუთარი სახე დაინახა, ახალგაპარსული.

    - იღბლიანები აქეთ!

    ჯერ კიდევ საკუთარ სახეს უყურებდა ვიტრინაში. მოულოდნელად დაიწყო სიცილი, სიცილი. . .

    მზე აცხუნებდა. . .

    ერთ სასაზღვრო სადგურზე

    იანვარი 21, 2010 on 4:09 პმ | თარგმანები, სამარაკისი ანდონის | Comments Off

    ანდონის სამარაკისი

    თარგმანი ბერძნულიდან – მაია კილაძე

    კრებულიდან \\\”გვესაჭიროება იმედი\\\”

    ბავშვობიდან გიჟდებოდა მატარებლებზე. ჭკუიდან იშლებოდა. გავარდებოდა სკოლიდან, იღლიაში წიგნებამოჩრილი და სად დაგიკარგავს, სად გიპოვნია, სადგურისკენ. ერთ პატარა პროვინციულ ქალაქში ცხოვრობდნენ.

    კუთხეში იმალებოდა, იჯდა საათობით და უყურებდა. არა მხოლოდ მატარებლები, რომლებიც განუწყვეტლივ მოდიოდნენ და მიდიოდნენ, არამედ მთელი იქაური ატმოსფერო ხიბლავდა. ხშირი გაცდენების გამო კლასში რჩებოდა. დედამისი მას წურავდა ყოველდღე, ის – თავის ვიოლინოს.

    იმ დროიდან მისი ოცნება არ ყოფილა, როგორც სხვა ბავშვებს სურდათ, გამხდარიყო სამხედრო ან მექანიკოსი, არამედ სადგურის თანამშრომელი. ოცნებაში წარმოიდგენდა ხოლმე საკუთარ თავს დედაქალაქის ცენტრალური სადგურის თანამშრომლად, მუქლურჯ ფორმაში, სახელოებზე ზოლებით და გული ბაგაბუგს უწყებდა.

    სადგურზე ხშირად ხედავდა და პატარაობიდანვე ისწავლა ყველა ის პროცედურა, რომელიც მატარებლების მოსვლასა და წასვლას ახლდა თან.

    ისწავლა აგრეთვე დაკვირვება. იკვლევდა მგზავრების სახეებს. ზოგი სადგურზე ნათესავ-მეგობრების თანხლებით მოდიოდა და იწყებოდა გაუთავებელი დამშვიდობებები, გულის აჩუყებები და სხვ. სხვები კვლავ ჩამოდიოდნენ და ჰქონდათ მთელი დახვედრები. და ისევ გულის აჩუყებები და სხვ. მაგრამ ისინი, ვინც მის სიმპატიას წარმოადგენდნენ იმ დროიდან, მარტოხელა მოგზაურები იყვნენ, ისინი, ვინც მიდიან ან მოდიან სრულიად მარტო. თითქოს გარბიან, ხტებიან თავიანთ ვაგონში და უჩინარდებიან. არ იხედებიან ფანჯრიდან, რადგან იციან, არავინაა, ვინც ხელს დაუქნევს, ეტყვის: \”კარგ მგზავრობას გისურვებ!\”. იგივე, როდესაც ბრუნდებიან. ჩამოდიან თავისი ვაგონიდან ჩქარ-ჩქარა და პირდაპირ გასასვლელისკენ მიდიან. იციან, არავინაა, ვინც ეტყვის: \”კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა!\”.

    დიდი სურვილი ჰქონდა, სადგურის ხელოსანი გამხდარიყო და არაფერს, სრულიად არაფერს შეეძლო მისთვის აზრი შეეცვალა. არც სილას, რომელსაც რეგულარულად იღებდა დედისგან, არც იმას, რომ ერთ კლასში ორჯერ ჩარჩა, არც იმას, რომ ერთხელ რკინიგზის ერთმა თანამშრომელმა ვაგონის უკან გაიყვანა და მუშტით დაემუქრა.

    და გახდა რკინიგზის თანამშრომელი, მაგრამ არა სადგურის. \”ფორმალური კვალიფიკაცია\” არ ჰქონდა. ვერ შეძლო სკოლის დამთავრება. თუმცა დღედაღამ თავის საყვარელ გარემოში იყო და ეს ყოფნიდა.

    ახლა, როდესაც მოხუცებულია, ფიქრობს დაჯდეს და თავის მოგონებებზე წიგნი დაწეროს. ოცდათორმეტი წელი რკინიგზის თანამშრომელი იყო. ბევრ სადგურზე მსახურობდა, პატარებზე და დიდებზე. ბევრი რამე ნახა. მოგონებების მთელი გორა აქვს.

    წიგნის გამოცემის იდეა ერთ მეგობარს გაუზიარა, მოხუც მასწავლებელს, რომელთან ერთადაც საღამოობით ყავას სვამს და საუბრობს. მეგობარმა გეგმა მოიწონა. რა თქმა უნდა, წიგნის სათაურიც შეარჩია: \”მოგონებანი სარკინიგზო ცხოვრებისა\”. მან კი უთხრა: \”მასწავლებელო, რა არის ეს? რკინიგზასავით გრძელია.\” ორივემ გაიცინა და ჭიქები მიუჭახუნეს.

    იმ მრავალთაგან, რაც თავს გადახდენია, ერთი ეპიზოდი გულში ჩარჩა. მაშინ ერთ პატარა სასაზღვრო სადგურზე მუშაობდა. სადგური ზედ საზღვარზე და იქიდან იწყებოდა სხვა სამყარო.

    საღამო იყო, შემოდგომა. ნოემბერი. ამინდი საწვიმრად ემზადებოდა. ნისლიც იყო.

    ჩამოდგა მატარებელი, რომელიც შემდეგ საზღვარგარეთ მიდიოდა. წარმოებდა კონტროლი. საბაჟო კონტროლი. პასპორტების კონტროლი. ყველაფერი რიგზეა! და მატარებელი ნელა დაიძრა.

    წუთით ადრე, ვიდრე შემადგენლობა საზღვარს გადაკვეთდა, დაინახა ვიღაც კაცი, რომელიც მესამე ვაგონიდან ჩამოხტა ჩემოდნით ხელში და გაუჩინარდა. როგორც ჩანდა, სხვამ ვერავინ დაინახა. დრო არ დაკარგა და იქით გაიქცა, საითაც კაცი გადახტა. რა ეშმაკი დაეტაკა? კონტრაბანდისტი იყო? დამნაშავე იყო?

    ხშირი ნისლი იდგა და ვერაფერს არჩევდა. მეძებარივით ეძებდა. მარცხენა ხელში – ცაცია იყო – დანა ეჭირა, რომელიც სულ თან ჰქონდა.

    ეძება. ეძება. არაფერი. უცნობი გაუჩინარებულიყო. მიწამ ჩაყლაპა. სიბრაზისგან გაცოფდა. ასე თვალსა და ხელს შუა როგორ გაუსხლტა.

    ძებნისას სადგურიდან შორს წავიდა. სიბრაზისგან ლამის გამსკდარიყო. სიგარეტს მოუკიდა და თითქმის იმ წამსვე მიწას დაასრისა ფეხით. მოუკიდა მეორე ღერს და სადგურისკენ წავიდა. ორი ნაფაზის შემდეგ ისიც მიწაზე დააგდო და გასრისა, ისტერიულად. ამ დროს ის დაინახა.

    რაღაც გაჩერებული შემადგენლობის ერთ-ერთი ვაგონის კიბეზე იჯდა, სადგურიდან ასიოდე მეტრში. ვიდრე ეს დარბოდა და შორს ეძებდა, ის იქვე იყო. იჯდა კიბეზე, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. მისი ჩემოდანი ძირს ეგდო.

    მიუახლოვდა. დანაშემართული.

    შეიძლება ბალახი ახშობდა მის ნაბიჯებს, შეიძლება კაცი ჩაფლულიყო თავის ფიქრებში, ერთიც არ უყნოსია, რომ უახლოვდებოდა. ორი მეტრის მოშორებით დადგა.

    - არ მეტყვი, რა ხდება აქ? – ჰკითხა.

    თავი ასწია. გაკვირვებული არ ჩანდა. იქნებოდა ასე ორმოცი წლის, შეიძლება ცოტა მეტიც. ჩვეულებრივი სახე ჰქონდა. უსიტყვოდ უყურებდა.

    - გეუბნები, საჭიროა ახსნა. ჩემი თვალით დაგინახე, რომ მატარებლიდან ჩამოხტი, ნაღდად მესამე ვაგონიდან და მერე გაუჩინარდი.

    - არ გავუჩინარდი. მოვედი და აქ დავჯექი.

    - როგორც არის, მაინც ერთი და იგივეა. საქმე ისაა, რომ საჭიროა ახსნა. რაღაც ხდება აქ!

    და მზერა ჩემოდანზე გადაიტანა. რა ჯანდაბა აქვს შიგნით? კონტრაბანდა? თუ რამე ბომბა?

    დაინახა, რომ ჩემოდანს უყურებდა. სიტყვის უთქმელად გახსნა.

    - თქვენ თვითონ ნახეთ, – უთხრა, – არაფერი მაქვს გარდა საცვლებისა, წვერის საპარსი აპარატისა, ორი წიგნისა. . .

    - კარგი! – თქვა ამან, – მაგრამ საჭიროა ახსნა. და ამოიდგე თავიდან, რომ წასვლას შეძლებ.

    გაეღიმა. რაღაცნაირად მწარედ.

    - გაგიმართლათ, უკვე ამოვიგდე თავიდან, რომ წასვლას შევძლებ. სხვათაშორის, ამიტომაც ჩამოვხტი მატარებლიდან ბოლო წუთს.

    - არ მესმის. . .

    სიჩუმე ჩამოვარდა. მზე უფრო და უფრო იხრებოდა დასავლეთისკენ.

    - მოგიყვებით, – უთხრა კაცმა.

    ამან თვალებში ჩახედა. წინათგრძნობა ჰქონდა, რომ სიმართლეს ეტყოდა. ეს სიგიჟე სჭირდა, ბრმად ენდობოდა საკუთარ წინათგრძნობას.

    - სიგარეტი? – კოლოფი მიაწოდა.

    სიგარეტი აიღო, ორი ნაფაზი მოქაჩა და დაიწყო:

    - წლების მანძილზე ვგეგმავდი ამ მოგზაურობას. ბოლოს დრო მოვიდა. ჩავჯექი მატარებელში. რამდენიმე ათასი კილომეტრი გავიარე, აქამდე რომ მომეღწია, საზღვართან. და უკანასკნელ წუთს, უკანასკნელ წუთს შიშმა შემიპყრო.

    - შიში? ვისი გეშინიათ?

    იმ წამსვე არ უპასუხია.

    - საკუთარი თავის, – თქვა.

    არ ესმოდა მისი. დაფიქრდა, შეშლილთან ხომ არ ჰქონდა საქმე.

    - ცხოვრება ხელიდან წამივიდა, – განაგრძო. სხვანაირად დავიწყე და სხვანაირად მოვედი აქამდე. ოდესღაც ოცნებები მქონდა, წლების წინ, როცა ბავშვი ვიყავი, ახალგაზრდა. ოცნებები მშვენიერ ცხოვრებაზე, კომპრომისების გარეშე. მაგრამ ჩემი ოცნებების განხორციელება ვერ შევძელი. თუ რატომ, ეს სხვა ამბავია.

    შეჩერდა. ნისლი უფრო გასქელებულიყო.

    - ვიფიქრე, წავსულიყავი. წავსულიყავი შორს აქედან, სადაც დამენგრა ცხოვრება. შორს, სხვა მიწაზე ახლიდან შემექმნა ჩემი ცხოვრება. დიდი ხანი ვიცხოვრე ამ ფიქრით. ამ ოცნებით. და დღეს, ცოტა ხნის წინ, უკანასკნელ წუთს, ვიდრე საზღვარზე გადავიდოდი, შიშმა შემიპყრო.

    ისევ გაჩერდა. შორიდან მატარებლის საყვირის ხმა ისმოდა.

    - თუ წავიღებ ჩემთან ერთად ჩემს თავსაც, ამ ყავლგასულ ჩემს თავს. თუ ჩემთან ერთად გადავიტან იქ, სხვა მიწაზე, მაშინ. . . აჰ, მაშინ იმედიც აღარ იარსებებს. როდესაც ახლა, სხვა თუ არაფერი, იმედი მაინც მაქვს, რომ სადმე სხვაგან შევძლებდი სხვანაირი ვყოფილიყავი.

    თავი ხელებში ჩარგო.

    დარწმუნებული იყო, რომ სიმართლე უთხრა. ბოლომდე კარგად ვერ გაიგო, რა ემართებოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ სიმართლე უთხრა. რაღაც ჰქონდა თვალებში, ნათელი იყო, რომ სიმართლე უთხრა.

    იქ დარჩა, ხელებში თავჩარგული. საღამო ჩამოდგა. ეს წამოვიდა ნელი ნაბიჯით. არაფერი უთხრა. ან კი, რა უნდა ეთქვა?

    ქერა მხედარი

    იანვარი 21, 2010 on 4:05 პმ | თარგმანები, სამარაკისი ანდონის | Comments Off

    ანდონის სამარაკისი

    თარგმანი ბერძნულიდან – მაია კილაძე

    კრებულიდან \”გვესაჭიროება იმედი\”

    გასულ იანვარს, ერთ საღამოს სადღეღამისო აფთიაქში შევიდა და ერთი ყუთი საფაღარათო ტაბლეტები აიღო. ბოლო წლებია მუდმივი ყაბზობით იტანჯებოდა. მერე წავიდა, რომ ავტობუსით მისულიყო სახლამდე.

    გაჩერებაზე დიდი რიგი იყო. იდგა. ელოდა მოთმინებით. ბოლოს ავიდა. ფეხზე იდგა. დაბალი, პუტკუნა, ღიპუციანი. ნოემბერში ორმოცდაშვიდს გადააბიჯა.

    გვერდით მდგომი ავიწროვებდა. ცოტა ხანში ერთი ქალი ადგა, ჩავიდა. დაჯდა და სკამზე ჟურნალი იპოვა, \”ბავშვთა სამყარო\”. საბავშვო ჟურნალი. პირველად ხედავდა. საბავშვო ჟურნალებთან არ ჰქონია შეხება.

    თვალი გადაავლო ფერად გარეკანს. კავბოი ეხატა, რომელიც თეთრ ცხენს მიაჭენებდა. ქვეშ ეწერა: \”თვალი ადევნეთ ჩვენს ახალ რომანს \”თავგადასავალი ფარ უესტში\”, რომელიც ამ ნომერში იწყება.\”

    გარეკანზე ეწერა, რომ ყოველ შაბათს გამოდიოდა. ბოლო ნომერი იყო, ფურცლებგაუჭრელი. არ იცოდა, რა ექნა მისთვის. შვილები არ ჰყავდა. თოთხმეტი წლის დაქორწინებული იყო, მიზეზი – ცოლის \”უნაყოფობა\”. სამინისტროში, სადაც თვრამეტი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი თანამდებობა ეკავა, თანამშრომლები ჩაგრავდნენ, რადგან ვერ შეძლო ბავში გაეკეთებინა.

    მიმოიხედა, მაგრამ გარშემო არც ერთი ბავშვი არ იყო, რომ მისთვის მიეცა. მხოლოდ დიდები დაინახა. იფიქრა დისშვილისთვის წაეღო, თავისი დის პირველი ბავშვისთვის. თერთმეტი წლის ბიჭი იყო, ველური. მის სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ.

    ავტობუსში საშინელი სუნი იდგა.

    სახლს რომ მიაღწია, პატარა ოთახში შევიდა, რომელიც მხოლოდ მისი იყო. სასადილო ოთახის გვერდით. აქ ჰქონდა პატარა კაბინეტი, პირადი ბიბლიოთეკა, წიგნების ორი კარადა. საჭმელი ჯერ არ იყო მზად, ცოლი სამზარეულოში ტრიალებდა, მაკარონს ამზადებდა ფარშით. ვიდრე საჭმელი გამზადდებოდა, პატარა ოთახში წავიდა. ჟურნალი ერთ თაროზე დადო. თავისი გაზეთი გადაშალა. მარცხენა ფეხი სტკიოდა. რევმატიზმები ჰქონდა. დააყენებდა ხოლმე ცოლს, რომ მისთვის დაეზილა. იტანჯებოდა, როცა ნესტიანი ამინდი იყო, როცა კიბეზე ადიოდა.

    მას მერე ერთი კვირა იქნებოდა გასული. საღამოს, ვახშმის შემდეგ, ძილის გუნებაზე არ იყო. ჩაიკეტა პატარა ოთახში და ენციკლოპედია გადაშალა.

    ცოლმა ყავა მოადუღა. მერე დაწვა.

    ათიოდე წუთს კითხულობდა. მობეზრდა. ადგა, ოთახში სიარული დაიწყო, სიგარეტს მოუკიდა. ბოლოს გადაწყვიტა, დასაძინებლად წასულიყო. მაშინ თვალი მოკრა \”ბავშვთა სამყაროს\”, რომელიც თაროზე დავიწყებოდა. იფიქრა, ცოტა დრო მოეკლა.

    დაახლოებით ცხრას აკლდა ოცი წუთი, როდესაც ჟურნალი აიღო. ორის ნახევარი იყო, როცა დადო.

    მთლიანად გამოშიგნა. წაიკითხა ორი რომანი: \”თავგადასავალი ფარ უესტში\” და \”ორი წელი ჯუნგლებში\”, რომელიც წინა ნომრის გაგრძელება იყო. მოთხრობები. ზღაპარი შედარებით პატარა ბავშვებისთვის: \”შემოდგომის ფერია\”. გვერდი \”სულიერი სავარჯიშოები\”, ამოხსნა კროსვორდი, ამოხსნა რებუსები, იპოვა ჯადოსნური სურათიც. რამდენიმე საათს ეწვალა, ჩააცივდა და ბოლოს მაიგნო: ეს იყო პატარა ბაჭია, რომელსაც დედა თავს ევლებოდა. წაიკითხა გვერდიც: \”ჩვენი პატარა მეგობრები წერენ\”, სადაც ქვეყნდებოდა პატარა ავტორების ლიტერატურული ნამუშევრები. წაიკითხა გვერდიც \”ჩვენი პატარა მეგობრები მათ შორის\”, სადაც ბავშვები ერთმანეთს სწერდნენ, აწვალებდნენ. ბოლოს ჟურნალი საწერი მაგიდის უჯრაში ჩადო და დასაძინებლად წავიდა. დაწვა ცოლის გვერდით, რომელსაც გულაღმა ეძინა, ნახევრად პირღიას.

    იმ ღამეს სიზმარი ნახა: კავბოი იყო და თეთრ ცხენზე ამხედრებული მიქროდა ფარ უესტის ერთ-ერთ ხეობაში. ასე ჭენებისას ცხენს გვერდზე მოექცა და ცოლს დაეცა ზემოდან, ისე, რომ არც გაუღვიძია. სამაგიეროდ გაიღვიძა ცოლმა. თავიდან იფიქრა, რომ ქმარს ალერსი მოენატრა, რასაც ბოლო დროს გადაეჩვივნენ. როდესაც დაინახა, რომ ქმარს ეძინა, გადატრიალდა მეორე გვერდზე და ძილი შეიბრუნა.

    იმ ღამის შემდეგ რაღაც მოხდა მასში, რაღაც შეიცვალა.

    ყოველ შაბათს იღებდა \”ბავშვთა სამყაროს\”. როდესაც მას ყიდულობდა, ქურდულ მზერას აპარებდა გარშემო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ რაღაც არანორმალურს აკეთებდა. იმავე საღამოს, ჭამის შემდეგ იკეტებოდა პატარა ოთახში და კითხულობდა ჟურნალს. არავისთვის არაფერი უთქვამს. ვინ შეძლებდა მისთვის გაეგო!

    ნომრებს საწერი მაგიდის უჯრაში კეტავდა.

    რაღაც მოხდა მასში. \”ბავშვთა სამყაროს\” კითხვისას ისევ იპოვა ბავშვების სამყარო. სამყარო, რომელიც ასეთი განსხვავებული იყო უფროსების სამყაროსაგან.

    სამინისტროში თავს აღარ ხრიდა. ადრე, როდესაც რაღაც უწესობას ხედავდა, არ ამბობდა, შიშისგან ან ჩვეულების გამო, ყველაფერი ყალბი მიეღო. ახლა სხვანაირი იყო. ერთ დღეს, როდესაც ჩვეულებისამებრ სამინისტროს ერთმა \”წარმომადგენელთაგანმა\”, ერთმა დირექტორმა იგი თავის კაბინეტში გამოიძახა და აიძულებდა გაეკეთებინა რაღაც კანონგარეშე, რომელიც მას ხელეწიფებოდა, კერძოდ, გაეტარებინა განცხადება ძველი თარიღით, მან არა მარტო უარი უთხრა, არამედ დირექტორის საწერ მაგიდაზე ისეთი ძალით დაახეთქა, რომ ყავა დაიღვარა და რაღაც დოკუმენტები დაისვარა. დირექტორი სულ მთლად დაიბნა. მისგან მსგავს რამეს ვერასოდეს წარმოიდგენდა.

    ცოლმა დაინახა მისი ცვლილება. დაინახა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყო, იყიდა ორი ჰალსტუხი, გადასხვაფერდა. ცოლი შეშფოთდა. იეჭვიანა, რომ ვიღაც ქალი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. თუმცა დამშვიდდა, როდესაც დაინახა, რომ ძალიან ალერსიანი იყო მის მიმართ. ჩათვალა, რომ ძველი სიყვარული გაუცოცხლდა.

    სხვათა შორის, გაუარა შეკრულობამაც.

    ერთ დღეს ჟურნალში გაგზავნა სიმღერის ტექსტი, რომელიც თვითონ დაწერა. \”შემოდგომის მირაჟი\” ერქვა. გაგზავნა გვერდისთვის \”ჩვენი პატარა მეგობრები წერენ\”. რა თქმა უნდა, ფსევდონიმის აღება დასჭირდა. რამდენიმე ვარიანტი მოიფიქრა. ბოლოს აირჩია \”ქერა მხედარი\”. შავგვრემანი იყო და ბავშვობიდან შურდა ქერების. უნდოდა, ქერა ყოფილიყო.

    ლექსი გამოუქვეყნეს. რა სიხარული იგრძნო! გამოუქვეყნეს კიდევ ერთი სხვაც. მესამე დაუწუნეს. უპასუხეს: \”თემა, რომელიც შენ აირჩიე, ჩვენო პატარა მეგობარო, შენი ასაკისთვის შეუფერებელია. მოიცადე, ცოტა გაიზარდო და შემდეგ კიდევ სცადე\”.

    ასე იყო საქმე, როდესაც დაახლოებით ორთვინახევრის შემდეგ პირველი ღამიდან, რომელიც \”ბავშვთა სამყაროსთან\” გაატარა, სულ ბოლო ნომერში, გვერდზე \”ჩვენი პატარა მეგობრები მათ შორის\” ნახა შემდეგი:

    \”გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ მუსიკისა და პოეზიის საღამო. ვიწვევთ ქვემოთ ჩამოთვლილ ჩვენს ცნობილ და უცნობ მეგობრებს, რათა მოგვნიჭონ სიხარული თავიანთი დასწრებით: კარმენი, მარია სტიუარტი, ხვიარა, მტკიცე პიროვნება, ნაპოლეონ დიდი, ნაღვლიანი მხედარი, ქერა მხედარი. . .\”

    ამას მოსდევდა კიდევ რამდენიმე ფსევდონიმი. და ცოტა უფრო ქვემოთ:

    \”მათ, უკლებლივ ყველას, ველოდებით პარასკევს, 2 აპრილს 7 საათზე. გამარჯვების ქუჩა 145, მესამე სართული.

    ვერონიკა – საბას დედოფალი * – შავი მეკობრე – პოსეიდონი – ტალღების სული.\”

    რა თქმა უნდა, შეწუხდებიან ბავშვები, მათ შეკრებას \”ქერა მხედარი\” რომ გამოაკლდება, – ფიქრობდა იგი, – რადგან შეუძლებელი იყო, სხვაგვარად მომხდარიყო.

    - გამარჯვების 145! – დაუძახა მძღოლს. – რაც შეგიძლია სწრაფად! ორმაგს გადაგიხდი, რასაც მრიცხველი დაწერს.

    ისე მიქროდნენ, ორჯერ კინაღამ ავარიაში მოყვნენ. ერთადერთი ის ანაღვლებდა, რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია იქ. დააგვიანა. რვის ოცი წუთი იყო, დაბარებულები კი შვიდზე იყვნენ.

    როგორ წამოვიდა სამინისტროდან! როგორ მიატოვა ყველაფერი, დოკუმენტები, სამელნე, კალამი, საწერი მაგიდის უჯრები ღია, ყველაფერი თავდაყირა და დაეშვა კიბეზე. ორ-ორად ახტებოდა საფეხურებს! გამგე შეხვდა, როდესაც გადიოდა. რაღაც უთხრა, ნებართვის გარეშე რომ მიდიოდა. ყურადღება არ მიუქცევია.

    რაღაც ძლიერმა ხელმა ჩაავლო, ძალიან ძლიერმა. ძალამ, რომელიც მოულოდნელად აფეთქდა მასში, როცა თავის ოფისში იყო პარასკევ საღამოს და საღამოს ცვლის სამუშაოს ასრულებდა, 5-დან 8-მდე, და აიძულა იგი, მიეტოვებინა ყველაფერი თავდაყირა.

    უახლოვდებოდნენ. საჭირო იყო, რაღაც წაეღო. არ შეეძლო, ხელცარიელი მისულიყო. საჭირო იყო, რაღაც წაეღო. ტკბილეული, ყვავილები. . . გზაზე, მარჯვნივ ყვავილების მაღაზია იყო. ტაქსიდან ჩავიდა, ვარდების თაიგული აიღო. წითელი ვარდები.

    მიაღწიეს. ყვავილებით ხელში დარეკა ზარი. გული ძალიან ჩქარა და ძალიან ძლიერად უცემდა. მაღლა, მესამე სართულზე განათებული ფანჯრები. ისმოდა პიანინოს ხმა.

    კარი გაიღო. შევიდა. ხის უსწორმასწორო კიბე აირბინა. მისი რევმატიზმები სასეირნოდ წასულიყვნენ.

    კიბის ბაქანზე ორი ბიჭი, ერთი გოგო. დაახლოებით 14-15 წლისანი. ბოლოსწინა საფეხურზე გაჩერდა.

    - \”ქერა მხედარი\”, – თქვა.

    ისე თქვა, თითქოს საკუთარ სახელს წარმოთქვამდა თავის წარსადგენად.

    - არ მოვა? – იკითხა ერთმა ბიჭმა, უფრო მაღალმა.

    - რა? არ მოვა? – იკითხა მეორემ.

    - ავადაა? – ისევ იკითხა პირველმა.

    - რა სამწუხაროა! – თქვა გოგონამ, – ძალიან მინდოდა მისი გაცნობა.

    მდუმარედ შეხედა სამივე ბავშვს. სიტყვის თქმაც ვერ შეძლო.

    მოულოდნელად, მკვეთრი მოძრაობით ყვავილები, წითელი ვარდები ხელში მიაჩეჩა გოგონას, მოტრიალდა, ჩქარ-ჩქარა ჩავიდა კიბეზე, გავიდა გარეთ. ზემოდან, მესამე სართულიდან ისმოდა, რომ პიანინოზე რაღაც მხიარულს უკრავდნენ. ბნელ ღამეს შეერია, დაცარიალებული ხელებით, დაცარიელებული გულით.

    Entries and comments feeds. Valid XHTML and CSS. ^Top^
    19 queries. 0.283 seconds.
    Powered by WordPress with jd-sky theme design by John Doe.